Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში 27 ამერიკულ სამიზნეზე იერიში მიიტანა

ირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რეგიონში აშშ-ის 27 სამხედრო სამიზნეზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. 

ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) ცნობით, მათ ასევე დაბომბეს ისრაელის თელ-ნოფის საჰაერო ბაზა, მისი სამხედრო შტაბ-ბინა და თელ-ავივში მდებარე დიდი თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსი.

მათივე განცხადებით, საპასუხო თავდასხმების მეექვსე „ტალღა“ რაკეტებსა და დრონებს მოიცავდა. 

უცხოური მედია წერს, ირანი პირობას დებს, რომ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს.

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ განმეორებით და დამანგრეველ დარტყმებს, როგორც შურისძიების კიდევ ერთ და ძალიან სასტიკ აქტს“. 

ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.