ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის პირობებს უყენებს - „ვიდრე ამერიკა თავის ქცევას არ გამოასწორებს, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება“
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი მოჰამედ ბაღერ ზოლღადრი ასახელებს პირობებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის უნდა შეასრულოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ვაშინგტონისთვის წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა, მოიცავს აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში საზღვაო ბლოკადის მოხსნას, საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანასა და ომის სამუდამოდ დასრულებას.
გარდა ამისა, ზოლღადრი, ასევე მოუწოდებს შეერთებულ შტატებს აუნაზღაუროს ირანს კონფლიქტით გამოწვეული ზიანი და გაათავისუფლოს გაყინული ირანული აქტივები.
„ეს არის ირანელი ხალხის მოთხოვნები, რომლებიც მათ ხმამაღლა გამოაცხადეს 160-დღიანი სიმტკიცის პირობებში როგორც ომის ველზე, ასევე ქუჩებში. ვიდრე ამერიკა თავის ქცევას არ გამოასწორებს, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება“, – აცხადებს ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი.