Loading data...
ირანი 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს, რომლის თანახმადაც, ისრაელის გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლა სამუდამოდ აეკრძალებათ, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლის უფლება მხოლოდ რეპარაციების გადახდის შემდეგ მიეცემათ

ირანის პარლამენტი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების შესახებ 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს. გეგმის თანახმად, ისრაელის გემებს სამუდამოდ აეკრძალებათ სრუტეში გავლა, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლის უფლება მხოლოდ ომის რეპარაციების გადახდის შემდეგ მიეცემათ. აშშ-მა უკვე განაცხადა, რომ ირანის გადასახადების გადამხდელები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. ინფორმაციას ირანულ მედია ავრცელებს

ირანის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ალი ნიკზადმა განაცხადა, რომ ისრაელის გემებს „ნებისმიერ დროს“ აეკრძალებათ სრუტეში გავლა. „მტრულად განწყობილი ქვეყნების“ გემები ასევე ვერ შეძლებენ სრუტის გავლას ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარეშე. ისრაელის გარდა მან სხვა კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა, თუმცა ირანის ოფიციალურმა პირებმა ადრეც გამოიყენეს მსგავსი ენა შეერთებულ შტატებთან და ვაშინგტონის არაბ მოკავშირეებთან მიმართებით.

სხვა ქვეყნების გემებს ტრანზიტის უფლება ექნებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენებენ სახელწოდებას „სპარსეთის ყურე“. დაგეგმილია, რომ შეგროვებული თანხის 30% გამოყენებული იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ხოლო 70% - ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური საჭიროებებისთვის.

პარლამენტის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარემ მოჰამედრეზა რეზაიმ სრუტეზე ირანის კონტროლის დამყარება მნიშვნელობით 1951 წელს ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას შეადარა.

„ჰორმუზის სრუტის კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბირთვული იარაღის შეძენა“, - აღნიშნა მან.

ირანის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ალი ნიკზადმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი სრუტის ომამდელ სტატუსს არ დაუბრუნდება.

ჰორმუზის სრუტე აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად დაკეტილია. 13 აპრილს აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ კომპანიები და მთავრობები, რომლებიც ირანის გადასახადებს გადაიხდიან, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.