Loading data...
ირანელმა რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე საკუთარი ტრიუმფი რეჟიმის წინააღმდეგ სასაუბროდ გამოიყენა

ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი კანის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას, სამშობლოში არსებულ რეჟიმს შეეხო. ინფორმაციაზე BBC წერს. 

ცნობილია, რომ რეჟისორი არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ირანში ფილმების გადაღება ეკრძალებოდა, სწორედ ამიტომ, მან საკუთარი ტრიუმფალური გამარჯვება, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა და იმ არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა, რაც ირანშია.

პანაჰიმ პრესტიჟული ჯილდო „ოქროს პალმის რტო“ ფილმისთვის „ეს, უბრალოდ, შემთხვევითობა იყო“ მიიღო. ფილმი BBC Culture-მა შეაფასა, როგორც „მრისხანე, თუმცა კომედიურ ჟანრში მოთხრობილი თრილერი, რეჟიმის წინააღმდეგ“. 

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პანაჰმა. „მოდით, გავაერთიანოთ ძალები. არავინ უნდა გაბედოს გვითხრას, როგორი ტანსაცმელი ჩავიცვათ, რა უნდა გავაკეთოთ ან რა არ უნდა გავაკეთოთ“, - თქვა მან.

„კინო საზოგადოებაა. არავის აქვს უფლება გვითხრას, რისგან შევიკავოთ თავი“, - დასძინა რეჟისორმა.

პანაჰი ბოლოს დაპატიმრებული იყო ირანში ორი კინორეჟისორის დაკავების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ის 2023 წელს გაათავისუფლეს.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე მისი ყოფნა, 15 წლის შემდეგ, პირველი იყო. მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკრძალებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა. 

ირანელ რეჟისორს ფესტივალის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჟიურის პრეზიდენტმა მსახიობმა ჟულიეტ ბინოშმა და ავსტრალიელმა მსახიობმა ქეით ბლანშეტმა გადასცეს.

პანაჰისთვის „ოქროს პალმის რტოს“ გადაცემისას ბინოშმა განაცხადა, რომ ხელოვნება „პროვოკაციულია“ და მობილიზაციას უწევს „ძალას, რომელიც სიბნელეს პატიებად, იმედად და ახალ სიცოცხლედ გარდაქმნის“. 

„სწორედ ამიტომ, ავირჩიეთ „ოქროს პალმის რტო“ პანაჰისთვის გადაგვეცა, „ეს, უბრალოდ, შემთხვევითობა იყო““, - აღნიშნა ფრანგმა მსახიობმა.