ირანელი ოფიციალური პირის თქმით, თეირანი მზადაა, ბირთვულ დათმობებზე წავიდეს, თუ აშშ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს
ირანმა მიანიშნა, რომ მზადაა, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს, სანქციების მოხსნისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ. ამის შესახებ Reuters-ი ირანელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი სერიოზულად განიხილავს გამდიდრებული ურანის მარაგების ნახევრის საზღვარგარეთ გაგზავნას და რეგიონული გამდიდრების კონსორციუმის შექმნაში მონაწილეობას.
გარდა ამისა, ქვეყანა ამერიკულ კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, კონტრაქტორების სახით მონაწილეობა მიიღონ ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.
სანაცვლოდ, აშშ-მა უნდა აღიაროს ურანის მშვიდობიანი გზით გამდიდრების უფლება და მოხსნას ეკონომიკური სანქციები.
ვაშინგტონის მოთხოვნები მოიცავს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შეზღუდვას და რეგიონული მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეწყვეტას. ირანმა მოლაპარაკებებში თავისი სარაკეტო პროგრამის განხილვაზე კატეგორიული უარი თქვა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ 26 თებერვალს ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრას ელის, რათა მხარეებმა დიპლომატიურ გადაწყვეტას მიაღწიონ.