იოჰან ვადეფული: ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორი გზაა

გერმანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყება, იოჰან ვადეფულმა კი მას „სრულიად არასწორი“ უწოდა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
„ქალაქ ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორ გზას წარმოადგენს. ჩვენ ამას უარვყოფთ და ეს ისრაელის მთავრობას ნათლად ავუხსენით“, - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.
ისრაელის მიერ სახმელეთო შეტევის დაწყება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმაც გააკრიტიკა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ამ გეგმების წარდგენისთანავე განვაცხადეთ, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიის ნებისმიერი სახით ცვლილება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა. ღაზაში არსებული ვითარებით შეშფოთებულები ვართ“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.