Loading data...
იოჰან ვადეფული: ევროკავშირი და ნატო მტკიცედ უნდა დადგეს უკრაინის გვერდით, ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ის გარეშე

„„რუსეთის თავდასხმა კიევზე არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს შედეგები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე კოპენჰაგენში“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ტალინში ესტონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოპენჰაგენში ევროპელი მინისტრების შეხვედრა 29 აგვისტოს არის დაგეგმილი.

„როგორც ბალტიის ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ადამიანებს, მეც მათ შორის, ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რამდენად არღვევს რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებას, ცდილობს მის განადგურებას და საფრთხეს უქმნის. მართლაც, გუშინ ღამით კიდევ ერთხელ საშინელი გზით გამოვცადეთ, თუ როგორ დაბომბა რუსეთმა კიევი, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპნენ ბავშვები, თავდასხმა განხორციელდა ევროკავშირის დელეგაციის შენობაზე და ეს, არ შეიძლება, უშედეგოდ დარჩეს. შედეგებზე მოგვიწევს საუბარი კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – აღნიშნა გერმანელმა მაღალჩინოსანმა.

ვადეფულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი და ნატო მტკიცედ დადგნენ უკრაინის გვერდით.

„პუტინის ომი ყოველდღიურად ატერორებს უკრაინას. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ, როგორც ევროპელები, როგორც ევროკავშირი და ნატო, მტკიცედ დავდგეთ უკრაინის გვერდით, ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ის გარეშე. კარგია, რომ აშშ ამჟამად მოლაპარაკებებზე მუშაობს, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არ არის მზად პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ჩვენ არ დავბრმავდებით გაჭიანურების ტაქტიკით და ამის ნაცვლად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, ყველანაირი დახმარებით და პოლიტიკური მხარდაჭერით ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.