Loading data...
ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელშიც 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაობა სულის განწმენდის მიზნით. პრაიაგრაჯის რეგიონში ინდუიზმის სამი წმინდა მდინარე - განგი, იამუნა და მითიური სარასვატი ერთმანეთს ერთვის.

ინდოეთის ხელისუფლებამ ფესტივალზე 800 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. სარეკლამო მასალებზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნერენდრა მოდის და ადგილობრივი გუბერნატორის ფოტოებია გამოსახული.

იმისთვის, რომ ფესტივალზე ადამიანები არ დაიკარგნენ, მომლოცველებს სპეციალურ სამაჯურებს დაურიგებენ. უსაფრთხოებას ათასობით წყალქვეშა და საჰაერო დრონი გააკონტროლებს. ასევე შეიქმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს ტაძრების ლაბირინთებში, საბანაო ადგილებში, კვების და სამედიცინო ობიექტებში ორიენტაციას გაუმარტივებს. WhatsApp-ში სპეციალური მულტილინგვისტური ჩატ-ბოტი შეიქმნა, რომელიც ლოგისტიკურ და სასულიერო შეკითხვებს უპასუხებს.

ფესტივალზე 2 000 დრონის შოუ იგეგმება, რომელთა მეშვეობით ცაში ინდუისტური მითოლოგიის ისტორია იქნება წარმოდგენილი.