Loading data...
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები გამწვავდა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ურთიერთობები ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის პროვინციაში 2 დღის წინ ტურისტებზე თავდასხმის შემდეგ გამწვავდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქაშმირის შტატში მოქმედმა ერთ-ერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ოფიციალურმა დელიმ მომხდარში ისლამაბადი პირდაპირ არ დაადანაშაულა, მაგრამ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება პაკისტანთან არის დაკავშირებული. ინდოეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამი თავდამსხმელიდან ორს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს. ტერაქტიდან მეორე დღეს, ინდოეთმა პაკისტანის ყველა მოქალაქეს ვიზები გაუუქმა, ინდოეთმა, ასევე, ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის გადაადგილება ხდებოდა. გარდა ამისა, დელიმ ისლამაბადთან მდინარე ინდის წყლის რესურსების გამოყენების შეთანხმება გააუქმა. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 1960 წელს იყო გაფორმებული და ის, მაშინაც კი მოქმედებდა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობდა.

პაკისტანმა, თავის მხრივ, ვიზები ინდოეთის მოქალაქეებს გაუუქმა. ასევე, მან ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერა. გარდა ამისა, პაკისტანიდან ინდოელი დიპლომატები გააძევეს.

ქაშმირი არის ინდოეთსა და პაკისტანს შორის ტერიტორიული დავის საგანი. ქაშმირის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, სეპარატისტული დაჯგუფებები პაკისტანის შემადგენლობაში მის სრულ გადასვლას მოითხოვენ. ინდოეთიც და პაკისტანიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.