Loading data...
ინდოეთმა პირველად კოსმოსში კერძო რაკეტა გაუშვა

ინდოეთის კერძო აეროკოსმოსურმა კომპანიამ Skyroot Aerospace-მა კუნძულ შრიხარიკოტიდან პირველი კოსმოსური რაკეტა, Vikram-1 გაუშვა. რაკეტის სიმაღლე 22 მეტრია და მას დედამიწის ორბიტაზე 350 კგ ტვირთის გატანა შეუძლია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

Skyroot-ში განაცხადეს, რომ Vikram-1 ორბიტაზე რამდენიმე ექსპერიმენტულ აპარატს გაიყვანს, მათ შორის არის რობოტიზებული მანიპულატორები, რომლებსაც კოსმოსური ნაგვის წაღება შეუძლია. ასევე მისიის მიზანია რაკეტის ძრავების სისტემის, ავიონიკის, ტელემეტრიის, მართვის სისტემის შემოწმება და მომავალი კომერციული ფრენებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნერენდრა მოდიმ ამ ფაქტს „ინდოეთის მიერ კოსმოსური სივრცის ათვისების გზაზე გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა. ამ ქვეყანას სურს, რომ კომერციული კოსმოსური ფრენებისგან თავისი წილი მიიღოს.

2020 წელს ინდოეთმა კოსმოსური სექტორი კერძო ინვესტიციებისთვის გახსნა და სტარტაპებს თანამგზავრებისა და რაკეტების შექმნის და კოსმოსური ხომალდების გაშვების შესაძლებლობა მისცა. მანამდე ამ საქმით ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია იყო დაკავებული.