Loading data...
ინდოეთმა განაცხადა, რომ არ შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს, რადგან დასავლეთის ქვეყნები თავად აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას

ინდოეთმა განაცხადა, რომ არ შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს, რადგან დასავლეთის ქვეყნები თავად აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუ-დელიმ რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ომის ფონზე, მისი ჩვეული მიწოდების მარშრუტები ევროპაში გადაერთო. ამავე დროს, მაშინ აშშ ღიად უწყობდა ხელს ინდოეთის შესყიდვებს, რათა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობა შეენარჩუნებინა.

„ინდოეთის იმპორტი მიზნად ისახავს ინდოელი მომხმარებლებისთვის პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომი ენერგოხარჯების უზრუნველყოფას. ეს აუცილებლობაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ იგივე ქვეყნები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად ვაჭრობენ რუსეთთან. ჩვენი შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთი ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 67.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო 2023 წელს მომსახურებით ვაჭრობამ - კიდევ 17.2 მილიარდი ევრო. ეს მაჩვენებლები აღემატება ინდოეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობას როგორც 2023 წელს, ასევე შემდგომ პერიოდში, ხოლო ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა 2024 წელს რეკორდულ 16.5 მილიონ ტონას მიაღწია, რამაც 2022 წლის წინა პიკს, 15.21 მილიონ ტონას, გადააჭარბა.

ინდოეთის საგარეო უწყების ცნობითვე, ევროპა-რუსეთის ვაჭრობა მოიცავს არა მხოლოდ ენერგორესურსებს, არამედ სასუქებს, მინერალებს, ქიმიკატებს, ლითონებს, მანქანა-დანადგარებსა და სატრანსპორტო აღჭურვილობას. შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთიდან ურანის ჰექსაფტორიდის, ელექტრომობილების წარმოებისთვის პალადიუმის, სასუქების და სხვა ქიმიური პროდუქტების იმპორტს.

„ამ ფონზე, ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელი და უსაფუძვლოა. ნებისმიერი მსხვილი ეკონომიკის მსგავსად, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს და იმუქრება, რომ ინდოეთიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე გადასახადებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მან უკვე შემოიღო 25%-იანი ტარიფი ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე და ასევე, გააფრთხილა შესაძლო მეორადი სანქციების - 100%-მდე ტარიფების - შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ რუსული ნავთობის, გაზის, ან ურანის შესყიდვას.

უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული 10-დღიანი ულტიმატუმი 8 აგვისტოს იწურება. ახალი სანქციები შესაძლოა ინდოეთს, ჩინეთსა და ბრაზილიას შეეხოს. ჩინეთმა უკვე გამოაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტს გააგრძელებს.