Loading data...
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინდოეთი მზადაა, უკრაინას რუსეთთან ომის დასრულებაში დაეხმაროს

ინდოეთი აპირებს, შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუ მისი დახმარება ნამდვილად საჭირო იქნება. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იტყობინება RBC-Ukraine.

ჯაიშანკარმა გაიხსენა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ბოლოდროინდელი განცხადება, როდესაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საჯაროდ მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეეწყვიტა. 

„ჩვენ დაუსრულებელი ომიდან ომის შეწყვეტაზე უნდა გადავიდეთ“, - განუცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლის ლიდერს.

ჯაიშანკარის თქმით, მისი ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ აგრესიას ყოველდღიურად მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. ნიუ-დელი ასევე აცნობიერებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ კიევმა და მოსკოვმა უნდა ეძებონ.

„მაგრამ თუ ინდოეთს რაიმე ფორმით დახმარება შეუძლია, ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად და სწორედ ეს იყო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიგასთან ჩემი საუბრის მთავარი თემა“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯაიშანკარმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კიევში გამართულ მოლაპარაკებებზე ამ ომის ზოგიერთი კონკრეტული ასპექტი განიხილეს. ყურადღების ცენტრში მოექცა სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემებზე თავდასხმების პრობლემა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს „გლობალური სამხრეთის“ მრავალი ქვეყნისთვის გამოწვევაა. პირველ რიგში, საუბარია საწვავის, სასუქებისა და სურსათის დეფიციტზე.

„ამიტომ ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ამ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - დასძინა ჯაიშანკარმა.