Loading data...
IMO: ჰორმუზის სრუტიდან 8 500-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციისთვის ირანის უსაფრთხოების გარანტიაა საჭირო

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელმა არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი 8 500-ზე მეტი მეზღვაურის უსაფრთხო ევაკუაცია შეუძლებელია, ვიდრე ირანი არ დაადასტურებს, რომ ევაკუაციაში ჩართული გემები თავდასხმის სამიზნე არ გახდებიან.

„IMO მზად არის ევაკუაცია დაუყოვნებლივ განახორციელოს, როგორც კი შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“, - განუცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა CNN-ის ჟურნალისტ ბეკი ანდერსონს.

დომინგესმა, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან სწრაფი გაწმენდა, რათა საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა ეტაპობრივად ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს.

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთს, რომლებმაც ნაღმების განაღმვის პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ირანი სრუტეში განთავსებულ ყველა ნაღმს საკუთარი ძალებით გააუვნებელყოფს.

შეგახსენებთ, ორგანიზაციამ ოპერაცია მას შემდეგ შეაჩერა, რაც ირანმა სრუტეში ერთ-ერთ გემზე თავდასხმა განახორციელა.