ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ალიევმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ევროპარლამენტში მომხდარი ხმაურიანი სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწყებამ მომხდარზე რეაგირების ნაცვლად, ფაქტი მიჩქმალა.
„ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა. მისი ვინაობა ცნობილია - ის საბერძნეთიდან არჩეული ქალი დეპუტატია. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს? განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედება მის წინააღმდეგ? - არა. მოეთხოვა თუ არა მას პასუხი? - არა. ის გაათავისუფლეს. შეხედეთ ევროპარლამენტს: ის ისლამოფობებისგან შედგება და ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.