ილჰამ ალიევი: სომხეთის ნებისმიერი მთავრობა ეჭვქვეშ თუ დააყენებს ვაშინგტონში ხელმოწერილ დოკუმენტს, მაშინ სომხეთი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თეთრ სახლში 8 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტი კონფლიქტის დასრულებას ნიშნავს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, თეთრ სახლში გაფორმებული დოკუმენტი ეფუძნება ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დარეგულირების აზერბაიჯანულ ხედვას.
მისი განცხადებით, როგორც კი სომხეთი საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს და კონსტიტუციაში აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას.
„არსებითად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში პარაფირებული დოკუმენტი ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარების ხედვის აზერბაიჯანულ ვერსიას. როგორც ვთქვი, მოლაპარაკებები რამდენიმე წელი გაგრძელდა და ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის აქტიური მხარდაჭერით დასრულდა. მჯერა, რომ ეს ნამდვილად კონფლიქტის დასასრულია, ომის დასასრული. ფორმალურად, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო: სომხეთის კონსტიტუცია კვლავ შეიცავს დებულებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენადაც ჩვენ გვესმის, ისინი შეიტანენ ცვლილებას. და როგორც კი ეს კონსტიტუციური შესწორება განხორციელდება, როგორც კი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გაუქმდება, ხელი მოეწერება ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ამ დოკუმენტის პარაფირების ფაქტი უკვე ნიშნავს ომის დასასრულს, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა პაუზებით. ეს სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონისთვის“, – თქვა ალიევმა.
ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ მომავალში სომხეთის რომელიმე მთავრობა თუ ეჭვქვეშ დააყენებს ვაშინგტონში გაფორმებულ დოკუმენტს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება სომხეთისთვის.
როგორც ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, მომავალ ზაფხულს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ალიევმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ძლიერი საგარეო ჩარევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს აქამდე შეთანხმებული საკითხების დარღვევა, რაც, მისი თქმით, ძალიან დააზარალებს სომხეთს.
„სომხეთის ნებისმიერი მომავალი მთავრობა, განურჩევლად იმისა, როდის მოვა ის ხელისუფლებაში, თუ ეჭვქვეშ დააყენებს ვაშინგტონში ხელმოწერილს, მაშინ სომხეთი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, რადგან რეგიონში ძალთა ბალანსი ყველა ასპექტში აბსოლუტურად ჩვენს სასარგებლოდ არის. ვფიქრობ, ეს ყველასთვის აშკარაა და თუ სომხეთი კვლავ დააყენებს ეჭვქვეშ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ. ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და დაგეგმავს მომავალ ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე. ამიტომ, თუ სომხეთი შეწყვეტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ მათი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. და ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ შემთხვევაში? ვფიქრობ, ეს რიტორიკული შეკითხვაა“, – თქვა ალიევმა.