Loading data...
ილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ აგრესიას და შეიარაღებულ ძალებს უკვე მიეცათ მითითება საპასუხო ზომების მომზადებისა და განხორციელების შესახებ.

„დღეს ირანის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი განხორციელდა. ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია დაბომბა. თავდასხმის სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები წარმოადგენდა: ირანულმა მხარემ ვერაგული დარტყმა მიაყენა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტს, მის ტერმინალს, სკოლასა და სხვა ინფრასტრუქტურას. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ბინძურ ტერაქტს. მისი შემსრულებლები დაუყოვნებლივ უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ჩვენ ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს. ყველას კარგად გვახსოვს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი თავდასხმა, რომელიც ირანის სპეცსამსახურების მიერ ინსტრუქტირებულმა პირმა ჩაიდინა. მაშინ ამ სისხლიან ტერაქტს ერთი ჩვენი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა შიშველი ხელებით მოახერხა კალაშნიკოვის ავტომატით, „მოლოტოვის კოქტეილითა“ და ნაჯახით შეიარაღებული ტერორისტის გაუვნებელყოფა.

ეჭვი არც მაშინ გვეპარებოდა, რომ ამის უკან ირანის სახელმწიფო იდგა, რადგან თავდასხმა 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროში ადგილზე არცერთი პოლიციელი არ გამოჩენილა. ცხადი იყო, რომ აზერბაიჯანის დასაშინებლად ეს ოპერაცია ირანის სახელმწიფო სტრუქტურების უმაღლეს დონეზე დაიგეგმა. მაშინ ჩვენმა მკაცრმა რეაგირებამ - დიპლომატიური კავშირების გაწყვეტამ და საელჩოს ევაკუაციამ - აიძულა ირანი, ეღიარებინა დანაშაული და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, დამნაშავე აზერბაიჯანელი წარმომადგენლების თვალწინ სიკვდილით დაესაჯა.

ამჯერადაც პასუხი ადეკვატური იქნება. ჩვენ არ შევეგუებით აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ აგრესიას. შეიარაღებულ ძალებს უკვე მიეცათ მითითება საპასუხო ზომების მომზადებისა და განხორციელების შესახებ.

ირანის მხარეს არაერთხელ განვუმარტეთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ირანის სახელმწიფო მედია ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს, რათა შელახოს ჩვენი იმიჯი ირანში მცხოვრები ჩვენივე თანამემამულეების თვალში, რომლებისთვისაც დამოუკიდებელი აზერბაიჯანი იმედის მთავარი სიმბოლოა.

ხაზგასმით ვამბობ: აზერბაიჯანი არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში. ჩვენი პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ ბრძოლას არ ითვალისწინებს, თუმცა საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დავიცავთ. როგორც სომხურ ოკუპაციას დავუსვით წერტილი, ისევე ვართ მზად, საკუთარი ძალა ვუჩვენოთ ნებისმიერ ბოროტ ძალას. ირანში ეს არ უნდა დაივიწყონ.

ეს ტერაქტი უდიდესი უმადურობის მაგალითია. ირანში მომხდარი ბოლო ტრაგედიის შემდეგ, ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამძიმარი გამოხატა. მე თავად გამოვთქვი მზადყოფნა, პირადად მივსულიყავი მათ საელჩოში სამძიმრის სათქმელად, მაშინ როცა მსოფლიოს არცერთ სხვა ლიდერს მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამ კეთილი ნების ფეხქვეშ გათელვა და ასეთი ლაჩრული მოქმედება არავის მატებს პატივს. ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს აქტი ჩაიდინა, მწარედ ინანებს. ჩვენს მოთმინებას ნუ გამოცდიან - მათ, ვინც ეს სცადა, თავი „რკინის მუჭით“ გაეჩეხათ. დღევანდელი ინციდენტიც ანალოგიური შედეგით დასრულდება.

ყველა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯი უკვე გადაიდგა: ირანის ელჩი დაბარებულია საგარეო უწყებაში საპროტესტო ნოტის გადასაცემად, გაცემულია მითითებები საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დილით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაქოში რეკავდა და გვთხოვდა დახმარებას ლიბანიდან მათი დიპლომატების ევაკუაციაში. მე მაშინვე გავეცი ბრძანება, დავხმარებოდით და თვითმფრინავი გაგვეგზავნა. ამ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ კი ჩვენ ნახიჩევანზე ვერაგული დარტყმა მივიღეთ. ეს ლაქა ირანის სახეს არასოდეს მოშორდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები - თავდაცვის სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმები - მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი მტერი ჩვენს „რკინის მუშტს“ იხილავს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.