Loading data...
ილჰამ ალიევი ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს დასრულებულად მიიჩნევს

„ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი თითქმის დასრულებულია, ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტები სრულად შეესაბამება აზერბაიჯანის ინტერესებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

„სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგების პროცესი თითქმის დასრულებულია და ხელმოწერილი დოკუმენტები სრულად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. მივაღწიეთ იმას, რაც მიზნად გვქონდა დასახული. ყველასთვის მიუღებელი მინსკის ჯგუფი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის. სინამდვილეში, ის არ ფუნქციონირებდა და ვერც შეძლებდა ფუნქციონირებას. ახლა მისი დასასრული ახლოვდება“, -  აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 

ინფორმაციისთვის, 9 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა,- ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა,- ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

17-მუხლიანი შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს ამბობენ. ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთობის დაზიანების მიზნით არ იმოქმედებენ, მსგავს ქმედებებს მხარს არ დაუჭერენ და არ დაგეგმავენ. 

აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მუშაობას განაგრძობენ და საზღვარზე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ.