Loading data...
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შედეგად გამარჯვება წაართვეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შედეგად გამარჯვება წაართვეს. ამის შესახებ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე თვის განმავლობაში „სასწაული მოახდინა აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“.

ალიევმა დაადასტურა, რომ, სომხეთის ლიდერთან ერთად, პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

„ის არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დიდ ნდობას. ეს მასთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მისადმი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, ყოველთვის დადებითი იყო. მისი პირველი ვადის განმავლობაშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მიერ არჩევნების გაყალბების შედეგად ხელახლა არჩევის შესაძლებლობა წაართვეს. მათ მას გამარჯვება მოპარეს. და ის, რასაც ბატონი ტრამპი ამბობს ფოსტით ხმის მიცემის პრაქტიკის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად სწორია. იცით, ამერიკულ ადმინისტრაციებს ყოველთვის მოსწონთ მთელი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება, როგორ იცხოვრონ, როგორ ააშენონ დემოკრატია, როგორ ჩაატარონ არჩევნები და ა.შ. ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ მათ თავად ჩაიდინეს ყველაზე დიდი საარჩევნო გაყალბება პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, როდესაც მას გამარჯვება წაართვეს. იმ პერიოდშიც, როდესაც ბატონი ტრამპი არ იყო პრეზიდენტი, ის ძალიან ღირსეულად იქცეოდა. მან დიდი გამბედაობა და ღირსება გამოიჩინა ამერიკაში დაბრუნებით, სადაც ყველა „ჭაობის გომბეშო“, როგორიცაა USAID, „რადიო თავისუფლება“, ყალბი ამბების მწარმოებლები, მათ შორის „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „უოლ სთრით ჯოურნალი“, „ნიუსვიკი“ მის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. ყველა ახდენდა მის დემონიზებას, ისევე როგორც ჩემს, შესაძლოა, არა იმავე დონეზე, მაგრამ იმავე გზით – ჭორების გავრცელებით“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, დონალდ ტრამპი დიდ წინააღმდეგობას აწყდება, რადგან მთელი სისტემა მის წინააღმდეგაა. „პრეზიდენტი ტრამპი მამაცი ადამიანი და დიდი ლიდერია. ნამდვილად ვამაყობ, რომ ის მე მექცევა, როგორც მეგობარს“, – თქვა ალიევმა.