„იყიდე ევროპული“ - საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას შვედეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრად აკრიტიკებს
შვედეთი არ ეთანხმება ევროპული პროდუქციის ყიდვასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონის ინიციატივას. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გამოცემა POLITICO-სთან ისაუბრა.
კრისტერსონის თქმით, ცუდი იდეა იქნებოდა, თუ ევროკავშირის ქვეყნები მხოლოდ ერთმანეთთან ვაჭრობით შემოიფარგლებოდნენ.
როგორც POLITICO წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივა - „იყიდე ევროპული“ - მიზნად ისახავს საკუთარი კომპანიების უპირატესობას სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა, მეტალურგია და ელექტრომობილების წარმოება.
მაკრონის ინიციატივამ შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთ კოლეგაში, მათ შორისაა ულფ კრისტერსონი.
„ჩვენ ხშირად მეგობრულად ვკამათობთ ამ საკითხებზე. მე ყოველთვის ვერ ვეთანხმები მის მეთოდებს“, - აღნიშნა კრისტერსონმა მაკრონთან ურთიერთობის შესახებ კითხვაზე.
ამასთან, კრისტერსონმა განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში არსებულმა კრიზისმა ევროკავშირის ლიდერებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა ბლოკის ეკონომიკური ძალაუფლების გაძლიერება.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მაკრონს აქვს არგუმენტი, რომ ევროპა უფრო თვითდამოკიდებული უნდა იყოს, მაგრამ ევროპული მიწოდების ჯაჭვებისა და ბიზნესების საერთაშორისო კონკურენციისგან დაცვის მცდელობა აუცილებლად არ მოუტანს სარგებელს ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
„ევროპული უპირატესობა თუ ნიშნავს ისეთი უაღრესად კარგი კომპანიების, პროდუქტებისა და სერვისების არსებობას ევროპაში, რომლებიც აუცილებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, ვფიქრობ, მაშინ ამის მომხრე ვარ. ეს თუ ნიშნავს ევროპული კომპანიების დაცვას ევროპული შესყიდვისთვის, რაც მათ აიძულებს, თავიდან აიცილონ კონკურენცია მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, მე სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეაა“, - განაცხადა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, გააუმჯობესონ პირობები კომპანიების განვითარებისთვის - უკეთესი ინფრასტრუქტურა, განათლება, კვლევა და ახალი სავაჭრო ხელშეკრულებები ბლოკის გარეთ მდებარე ქვეყნებთან. კრისტერსონმა მაგალითად მოიყვანა სტოკჰოლმში დაფუძნებული პლატფორმა Spotify, როგორც იშვიათი ევროპული წარმატება. მისი თქმით, Spotify არის დიდი ევროპული ტექნოლოგიური კომპანია.
„ვფიქრობ, მსოფლიო იმ მიმართულებით თუ წავა, სადაც ვეცდებით ვაჭრობას მხოლოდ მეზობლებთან, ეს ცუდი იდეა იქნება“, - განაცხადა კრისტერსონმა.
კრისტერსონის თქმით, იმედი აქვს, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები გამოიყენებენ აშშ-თან ურთიერთობების მიმდინარე კრიზისს, რათა დისკუსიაში შეიტანონ „გადაუდებელი აუცილებლობის განცდა“ და ბლოკის თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების, მისი ბიზნესების გაძლიერების თვალსაზრისით, კონკრეტულ ქმედებებზე შეთანხმდნენ.