Loading data...
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატომ უკრაინის თავზე ცა რუსეთთან პირდაპირი ომის შესაძლო დაწყების რისკის გამო არ დახურა

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2022 წელს სამხედრო ალიანსმა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცე რუსეთთან პირდაპირი ომის შესაძლო დაწყების რისკის გამო არ დახურა. 

სტოლტენბერგის თქმით, მან უკრაინის თავზე ცის დახურვის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნაზე უარი თქვა, რადგან რუსეთთან პირდაპირი ომის შესაძლო დაწყების რისკი არსებობდა. 

უფრო კონკრეტულად კი, სტოლტენბერგის განცხადებით, ომის დაწყების დასაწყისში ზელენსკიმ მას დაურეკა და უკრაინის თავზე ცის დახურვა სთხოვა. 

სტოლტენბერგის განმარტებით, იძულებული გახდა ზელენსკისთვის უარი ეთქვა, რადგან ცის დახურვა მოითხოვდა ბელარუსსა და რუსეთში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებას, რაც ნიშნავდა ალიანსსა და რუსეთს შორის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს. 

„თუ რუსული თვითმფრინავი ჰაერში იქნებოდა, ჩვენ მისი ჩამოგდება მოგვიწევდა და შემდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების რისკითაც იყო განპირობებული. 

„ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. როგორც მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინის გამო ვერ გავრისკავდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.