Loading data...
იემენის სანაპიროსთან, წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა

დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების ცნობით, იემენის სანაპიროსთან, წითელ ზღვაში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

„სატვირთო გემმა საგანგებო შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი უცნობი შეიარაღებული პირების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ხელისუფლება მომხდარს იძიებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოფისის ანგარიშში.

ინციდენტი ქალაქ ჰოდეიდადან სამხრეთ-დასავლეთით 55.6 კილომეტრში მოხდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ამბოხებულები აკონტროლებენ.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოფისის ცნობით, ნავი მიუახლოვდა სატვირთო გემს და ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც გემის დაცვის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. შემდეგ ნავი დაახლოებით 2 საზღვაო მილის დაშორებით მდებარე უფრო დიდ გემთან დაბრუნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმა 2023 წელს ღაზაზე ისრაელის შეტევის საპასუხოდ დაიწყეს. „ჰუსიტებმა“ პირობა დადეს, რომ 2026 წელს გემებზე თავდასხმებს განაახლებდნენ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ომი გამოუცხადეს ირანს, რომელიც დაჯგუფების მთავარი საერთაშორისო მხარდამჭერია.

„ჰუსიტების“ გარდა, ბოლო დროს ახლომდებარე ადენის ყურეში სომალელი მეკობრეებიც გააქტიურდნენ.