იაპონიის ქვედა პალატის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
იაპონიის წარმომადგენელთა პალატის რიგგარეშე არჩევნებში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელსაც სათავეში უდგას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სანაე ტაკაიტი. მმართველმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 316 მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ტაკაიტი იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. რიგგარეშე არჩევნები მისი ინიციატივით ჩატარდა. ტაკაიტიმ, ფაქტობრივად, მაღალი რეიტინგი გამოიყენა, რაც მას 2025 წლის ბოლოდან აქვს. სწორედ მაშინ გახდა სანაე ტაკაიტი იაპონიის პრემიერ-მინისტრი.
იაპონიის ქვედა პალატის არჩევნებში 1284 კანდიდატი მონაწილეობდა, ერთმანდატიანი ოლქებით 289 ადგილი იყო გათვალისწინებული და 176 ადგილის არჩევა პარტიული სიებით მოხდა.
64 წლის ტაკაიტი ცნობილია მემარჯვენე შეხედულებებით. მას ხისტ კონსერვატორს უწოდებენ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ სანაე ტაკაიტიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში იაპონიის პოლიტიკა გადაიხედება, მოიხსნება შეიარაღების ექსპორტის აკრძალვა და პაციფისტურ პრინციპებზე უარის თქმა მოხდება, რასაც იაპონია მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იცავდა. ასევე ტაკაიტი აცხადებს, რომ იაპონიაში მიგრანტების მიმართ პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს.