იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამის შესახებ BBC წერს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 8 დეკემბერს, 23:15 საათზე მოხდა აომორის რეგიონის სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრში, 50 კმ სიღრმეზე. მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც ამჟამად მოხსნილია. დაფიქსირდა 70 სმ-ის სიმაღლის ტალღები.
ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა შეჩერდა და ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, უფრო ძლიერი ბიძგები მოხდეს - საზოგადოებას მოუწოდებენ, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მზადყოფნაში იყვნენ.