იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ იანვარში პარლამენტი დაითხოვა, რაც, მისი იმედით, მას და მის პარტიას უფრო ძლიერ მანდატს მისცემს.
ტაკაიჩი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლებში, თუმცა მისი კონსერვატიული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (LDP), რომელიც ქვეყანას ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში მართავს, სკანდალების მსხვერპლი გახდა და ახალ ოპოზიციურ ალიანსთან კონკურენციის წინაშე აღმოჩნდა.
საყოველთაო არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 465-წევრიანი პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 233 ადგილს მარტივად მოიპოვებს.
უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ქვედა პალატაში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია, ახლად ჩამოყალიბებული ცენტრისტული რეფორმების ალიანსი და ულტრამემარჯვენე პარტია „სანსეიტო“ კი, სავარაუდოდ, სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას და მის კოალიციურ პარტნიორს, პოპულისტურ იაპონიის ინოვაციების პარტიას, შეუძლიათ მოიპოვონ 310 ადგილი, რაც უმრავლესობისთვისაა საჭირო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ მისი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ იაპონიაში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა, რამაც შესაძლოა, ზოგიერთ რაიონში საარჩევნო პროცესი და ხმების დათვლა გაართულოს.
ცნობისთვის, ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გასული წლის ოქტომბერში გახდა. მას სურს იაპონიის თავდაცვის ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა პეკინთან მზარდი დაძაბულობისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლის ფონზე, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობები აქვს. ის ასევე მოითხოვს უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას და იაპონიის ეკონომიკის აღორძინებას.