იაპონიამ ევროკავშირის გეგმას რუსულ აქტივებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა
„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე იაპონიამ ევროკავშირის გეგმას მხარი არ დაუჭირა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს. იაპონიის არგუმენტი იურიდიულ ნიუანსებს ეხება. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, იაპონიის ტერიტორიაზე სანქციების გამო 30 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები იყო გაყინული. ევროკომისია ცდილობს, რომ 210 მლრდ ევროს რუსული სახელმწიფო აქტივები უკრაინის დასახმარებლად იყოს გამოყენებული.
ამას ბელგია ეწინააღმდეგება, რადგანაც შიშობს, რომ ის ბელგიის დეპოზიტარის, Euroclear-ის მიმართ ნდობას შეამცირებს. ამ სტრუქტურაში 185 მლრდ ევროს გაყინული რუსული აქტივები ინახება. ბელგიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებმაც უკრაინას სესხი გამოუყონ მათ ტერიტორიაზე არსებული რუსული აქტივებიდან. დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ამ პრობლემის მოგვარების მზადყოფნა გამოთქვეს, ხოლო აშშ-მა და იაპონიამ სქემას მხარი არ დაუჭირეს.