Loading data...
იაპონია ძლიერი მიწისძვრის მოლოდინში - ხელისუფლება მოსახლეობაში დანერგილი პანიკის აღმოფხვრას ცდილობს

იაპონიის მთავრობამ მოსახლეობა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ გააფრთხილა. საქმე ეხება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულებს. პარალელურად, იზრდება შფოთვა და აჟიოტაჟი მასშტაბურ კატასტროფასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება უსაფუძვლო პროგნოზს უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ, იაპონიის ხელისუფლებამ კიუშუს ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულებიდან ადგილობრივების ევაკუაცია მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, ტერიტორია 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი გახლდათ.

მოსახლეობაში შფოთვა, ასევე, უკვე მომხდარმა მიწისძვრამაც გააძლიერა. კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში განმეორებული 1000-ზე მეტი ბიძგიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა, რამაც ადგილობრივებს გაუმძაფრა შიში ე.წ. კომიქსების წინასწარმეტყველების შესახებ, სადაც აღწერილია, თუ რამდენად მასშტაბური კატასტროფა დაატყდება თავს ივლისში იაპონიას. 

„ჩვენი ამჟამინდელი სამეცნიერო ცოდნით, რთულია მიწისძვრის ზუსტი დროის, ადგილის ან მასშტაბის პროგნოზირება“, - აღნიშნა აიატაკა ებიტამ, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მიწისძვრებისა და ცუნამის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა მას შემდეგ, რაც ტერიტორია კიდევ ერთხელ, 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია. 

„მოსახლეობას ვთხოვთ, საკუთარი გონება სამეცნიერო მტკიცებულებებისკენ მიმართონ“, - განაცხადა ებიტამ პრესკონფერენციაზე. 

მანგამ, რომელიც ზოგიერთმა კატასტროფული მოვლენის წინასწარმეტყველებად შერაცხა, უამრავ მოგზაურს გადააწყვეტინა იაპონიაში ვიზიტისგან თავი შეეკავებინა. ბოლო მონაცემებით, ჰონკონგიდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობა, სადაც ჭორები ფართოდ გავრცელდა, მაისში გასულ წელთან შედარებით, 11%-ით შემცირდა. 

მოვლენების აქტუალურობიდან გამომდინარე, რიო ტაცუკის, მანგას „მომავალი, რომელიც მე დავინახე“ შემქმნელს განმარტების გაკეთება მოუწია. ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „წინასწარმეტყველი არ არის“.