Loading data...
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აწესებენ

იემენელი ჰუსიტების მოძრაობამ „ანსარ ალაჰიმ“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, - ამის შესახებ „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა ტელევიზიით განაცხადა

„დაჯგუფება საუდის არაბეთისთვის საზღვაო მიმოსვლის აკრძალვას აცხადებს, რომელიც ეფუძნება პრინციპს „თვალი თვალის წილ“ და ძალაში შედის ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე“, - აცხადებს იაჰია სარია.

„ჰუსიტების“ განცხადებით, ბლოკადა არის პასუხი საუდის არაბეთის მიერ „თითქმის 12 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო და დამთრგუნველ ალყაზე“.

მათივე განცხადებით, საუდის არაბეთი ძარცვავს იემენის რესურსებს და ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან სრულ ბლოკადას უწესებს ქვეყნის პორტებსა და აეროპორტებს.

„ეს პასუხია თითქმის 12 წლის განმავლობაში ჩვენი ძვირფასი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე უსამართლო ალყაზე, ჩვენი რესურსების ძარცვასა და ჩვენი პორტებისა და აეროპორტების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ბლოკადის დაწესებაზე“, - ნათქვამია „ჰუსიტების“ განცხადებაში.

როგორც მედია წერს, „ჰუსიტებმა“ გასულ კვირას საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს მას შემდეგ, რაც სამეფო დაადანაშაულეს მათ კონტროლქვეშ არსებული აეროპორტის დაბომბვაში. ამით დაირღვა 4 წლიანი ზავი, რომელიც საუდის არაბეთსა და ირანის მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის არსებობდა.