„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ იემენში საუდის არაბეთის ძალებს თავს დაესხნენ
„ჰუსიტებმა“ აღმოსავლეთ იემენში საუდის არაბეთის ძალებზე თავდასხმა განახორციელეს, განაცხადა შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სარიმ საუდის არაბეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის აგრძელებს „ძალების კონცენტრაციას, მათ წაქეზებასა და ჩართვას უშედეგო და წაგებისთვის განწირულ აგრესიულ ომში“.
მისი თქმით, „ჰუსიტების“ სამიზნეს საუდის არაბეთის ძალების კონცენტრაციის ადგილები, საწყობები, მანქანები და სამხედრო აღჭურვილობა წარმოადგენდა „საჰნ ალ-ჯინის“ ბანაკში, რომელიც იემენის ქალაქ მარიბის ცენტრის ჩრდილოეთით მდებარე მსხვილი სამხედრო ბაზაა.
სარიმ განაცხადა, რომ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული დარტყმები „ზუსტი და ეფექტური“ იყო და დასძინა, რომ „ჰუსიტები“ „ესკალაციაზე ესკალაციით რეაგირებას“ გააგრძელებენ.
საუდის არაბეთს „ჰუსიტების“ განცხადებებზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე იემენის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანთან მოკავშირე „ჰუსიტების“ მიერ სანას აღმოსავლეთით, მარიბის თავზე გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარიბის პროვინციაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შედეგად სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
იემენის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 6 აგვისტოს „ჰუსიტებმა“ მარიბსა და ჰადრამუთში იემენის შეიარაღებული ძალების ბანაკებსა და დანაყოფებზე თავდასხმა განახორციელეს.