Loading data...
ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ევროკავშირში ყველაზე მეტად იტალია დააზარალა - Spiegel

ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა. ამის შესახებ Spiegel-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი. 

კვლევის თანახმად, გემების ბლოკადა ევროპულ სახელმწიფოებს სხვადასხვა მასშტაბის პრობლემებს უქმნის. თუმცა, იტალია ევროკავშირის ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ბლოკადის შედეგები. 

იტალია ყოველწლიურად სპარსეთის ყურიდან დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტს ახორციელებს. კერძოდ, ქვეყანა ყოველწლიურად კატარიდან დაახლოებით 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების თხევად ბუნებრივ აირს და დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროპანის იმპორტს ახორციელებს.

გარდა იტალიისა, ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ გავლენა იქონია ბელგიაზეც. 

ამასთან, მონაცემების თანახმად, დიდი ბრიტანეთი, რომლის წლიური იმპორტი სპარსეთის ყურიდან 12.9 მილიარდი დოლარის ოდენობითაა, ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.

კვლევის თანაავტორმა შტეფან ტურნერმა განმარტა, რომ ირანის ბლოკადის ხანგრძლივობა განსაზღვრავს მის ეკონომიკურ გავლენას. თუ ის ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებები, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.