Loading data...
„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკება „დანებების“ ტოლფასია

„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკებები ლიბანისთვის „დანებების“ ტოლფასია და მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს დაჯგუფების სამხედრო საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა.

„როდესაც ისრაელელ მტერთან მოლაპარაკებების დაწყებას ცეცხლის ქვეშ გთავაზობენ, ეს დანებების ვალდებულებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ქასემმა და უარყო ლიბანის პრეზიდენტის ინიციატივა, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები „მტერთან, რომელიც ჩვენს მიწას იპყრობს და ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს“.

ქასემი ლიბანელ ხალხს „ეროვნული ერთიანობისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მთავრობის მიერ „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებით.

ცნობისთვის, ლიბანის მთავრობამ 2 მარტს „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა უკანონოდ ცნო და ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას მოუწოდა, იარაღი ჩააბაროს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ჰეზბოლამ“ 2024 წლის ნოემბერში ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. ისრაელმა ლიბანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა.