Loading data...
ჰარვარდის უნივერსიტეტი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ჰარვარდის უნივერსიტეტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა. რატომ მოხდა დაპირისპირება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს კონფლიქტი? - ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დონალდ ტრამპის მოთხოვნებს არ ეთანხმებიან და რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა - მიიღებენ ფედერალურ დაფინანსებას თუ არა.

„არც ერთმა მთავრობამ, და არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში რომელი პარტიაა, არ უნდა მიგვითითოს, თუ რა უნდა ასწავლონ კერძო უნივერსიტეტებმა“, - დაწერა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ალან ჰარბერმა.

მას შემდეგ, რაც ჰარვარდის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა თეთრი სახლის მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა მართონ, სამსახურში აიყვანონ პერსონალი და სტუდენტებს რა პროგრამით ასწავლონ, ტრამპის ადმინისტრაციამ მათ 2,2, მლრდ აშშ დოლარი გაუყინა, რასაც უნივერსიტეტი ფედერალური ბიუჯეტიდან იღებდა.

ჰარვარდის უარის საპასუხოდ, აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა ის დაადანაშაულა, რომ ფედერალური ინვესტიციები არ იწვევს უნივერსიტეტის მიერ აღებულ ვალდებულებას კანონებისა და სამოქალაქო უფლებების შესრულების საკითხში.

ტრამპის პოზიცია უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით სიახლე არ ყოფილა, დონალდ ტრამპი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკვე დიდი ხანია, ბიუჯეტიდან უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსების წინააღმდეგ გამოდიან. 2021 წელს, ერთ-ერთ გამოსვლაში, ვენსმა უნივერსიტეტებს „მტრები“ უწოდა.

წინასაარჩევნო გამოსვლებში ტრამპი, ასევე, მოითხოვდა უნივერსიტეტების ფედერალური დაფინანსების შემცირებას და მათ კონსერვატორებისთვის მტრული უწოდა.

ყველაზე მეტად, ტრამპი უკმაყოფილო იყო უნივერსიტეტებში გამართული პროპალესტინური აქციებით. მისი თქმით, უნივერსიტეტებში ღიად ხდებოდა ებრაელი სტუდენტების შევიწროება.

კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ის ხელისუფლების ბევრ მოთხოვნას დათანხმდა. ჰარვარდიც გარკვეულ დათმობებზე წავიდა და ანტისემიტიზმის საკითხზე მომუშავე ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო. უნივერსიტეტიდან ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ასევე, სასწავლო დაწესებულებამ რელიგიის და კონფლიქტების ინიციატივა შეაჩერა, რადგანაც ანტიისრაელურ პოზიციაში ბრალი წაუყენეს.

მიმდინარე წლის იანვარში, ჰარვარდმა ებრაელი სტუდენტების მიერ წარმოდგენილი საჩივრები დააკმაყოფილა. ამით, უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ ის ებრაელი სტუდენტებისა და თანამშრომლების უფლებებს იცავს.

მაგრამ 11 აპრილს ჰარვარდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეთრი სახლის მოთხოვნების მომავალში შესრულებას ის აღარ აპირებს.

დონალდ ტრამპს, ასევე, შეუძლია ჰარვარდზე ზეწოლა მოახდინოს და ამ სასწავლო დაწესებულებას გარკვეული საგადასახადო შეღავათები გააუქმოს, რაც უნივერსიტეტზე, ასევე, სერიოზული დარტყმა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი 53,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ბევრი ქვეყნის მშპ-ს აღემატება, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კონკრეტული პროგრამების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. 

„პოლიტიკოსების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს თანხა დევს სადებეტო ბარათზე, საიდანაც ფული შეიძლება მოხსნა და ის საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოიყენო, მაგრამ ეს, ასე, ნამდვილად არ არის“, - განაცხადა აშშ-ის განათლების საბჭოს წარმომადგენელმა სტივენ ბლუმმა.