Loading data...
ჰამბურგში მგელი ქალს თავს დაესხა

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მგელი ქალს თავს დაესხა და უკბინა. ინფორმაციას Deutsche Welle პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ინციდენტი 30 მარტს, გვიან ღამით, გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, „იკეას“ მაღაზიასთან ახლოს მოხდა. მოგვიანებით მგელი ბინენალსტერის ტბისკენ დაიძრა და წყალში შევიდა, სადაც ოფიცრებმა ხაფანგით დაიჭირეს. ოფიციალური პირების თქმით, მგელი ველური ბუნების პარკში გადაიყვანეს.

გერმანული მედიის ცნობით, ცხოველი ქალაქში რამდენჯერმე შენიშნეს. ის ჰამბურგში, სავარაუდოდ, შემთხვევით მოხვდა.

ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მგელი ადამიანს თავს დაესხა, მას შემდეგ, რაც ეს სახეობა 1990-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა.

გასულ კვირას გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მგლებზე ნადირობას ამარტივებს.