„ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს შიმშილის კრიზისის მოგვარებამდე არ განაახლებს

მოლაპარაკებებში „ჰამასის“ წარმომადგენლებმა დოჰაში შუამავლებს განუცხადეს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებით, ვიდრე ღაზაში შიმშილის კრიზისი არ ჩაცხრება. ამის შესახებ The Times Of Israel-ს არაბმა დიპლომატმა და მედიაციის პროცესში ჩართულმა მეორე წყარომ განუცხადეს.
ებრაული მედიის ცნობით, „ჰამასსა“ და არაბულ შუამავალ ქვეყნებს, ეგვიპტესა და კატარს, შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. „ჰამასის“ წამყვანმა მომლაპარაკებელმა ხალილ ალ-ჰაიამ გასულ კვირას ეგვიპტე ჰუმანიტარულ კრიზისში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, რამაც კაირო გააღიზიანა.
ორი წყაროს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება ასევე გაბრაზებულია კატარზე, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კვირის დასაწყისში გაეროში მიღებულ დეკლარაციას, რომელიც „ჰამასს“ განიარაღებისა და ხელისუფლებიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ისრაელი უარყოფს „ჰამასის“ მოთხოვნას, გაიყვანოს თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებული ცენტრებიდან.