Loading data...
„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.

ცხედრები 27 წლის ინბარ ჰაიმანსა და 39 წლის სერჟანტ-მაიორ მუჰამედ ელ-ატრაშს ეკუთვნით.

დაღუპულების იდენტიფიცირების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს აცნობეს, რომ ცხედრები „ჰამასმა“ ისრაელში 15 ოქტომბრის ღამეს დააბრუნა. 

ისრაელის თავდაცვის ძალები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ჰაიმანი ტერორისტებმა რეიმის მახლობლად, ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს და მისი ცხედარი ღაზაში გაიტაცეს. მისი დაღუპვის შესახებ ოფიციალურად 2023 წლის დეკემბერში განაცხადეს.

ის იყო უკანასკნელი ქალი, რომელიც ღაზაში კვლავ ტყვეობაში იმყოფებოდა.

არმიის ცნობით, ელ-ატრაში, 13 შვილის მამა, რომელიც ღაზას დივიზიის ჩრდილოეთ ბრიგადაში მსახურობდა, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დღეს ნაჰალ ოზის რაიონში „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა და მისი ცხედარი გაიტაცეს. მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად 2024 წლის ივნისში გახდა ცნობილი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა „იზიარებს ჰაიმანისა და ელ-ატრაშის ოჯახების, ასევე დაღუპული მძევლების ყველა ოჯახის ღრმა მწუხარებას“.

„მთავრობა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ყველა შტო მტკიცედ, ერთგულად და დაუღალავად მუშაობს, რათა ჩვენი ყველა დაღუპული მძევალი სამშობლოში სათანადოდ დაკრძალონ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.