1739541604
უცხოეთი
„ჰამასმა“ ისრაელს გადასცა 3 მძევლის სია, რომლებსაც 15 თებერვალს გაათავისუფლებენ

ისრაელმა „ჰამასისგან“ შუამავლების, ეგვიპტისა და კატარის, მეშვეობით მიიღო იმ 3 მძევლის სია, რომლებსაც დაჯგუფება შაბათს, 15 თებერვალს, გაათავისუფლებს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, სამივე მათგანი კაცია. ისინი არიან 29 წლის საშა ტრუფანოვი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 46 წლის იაირ ჰორნი.
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მძევლების ვინაობა მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ოჯახებს ინფორმაცია მიაწოდეს. სამივე მათგანი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმის დროს გაიტაცეს.
ამასთან, „ჰამასის“ ცნობით, სანაცვლოდ ისრაელი ხვალ 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 36-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.