„ჰამასის“ მაღალჩინოსანი: მივიღეთ გარანტიები აშშ-ისგან, რომ ომი განუსაზღვრელი ვადით დასრულდა

„ჰამასის“ მთავარმა მომლაპარაკებელმა ხალილ ალ-ჰაიამ ისრაელთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აშშ-ისგან ომის დასრულების გარანტიები მიიღო.
„ჩვენ პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ [აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ] ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაცხადებთ შეთანხმებას ომის დასრულების, [ისრაელის] ღაზას სექტორიდან გასვლისა და პატიმრების გაცვლის შესახებ“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ მივიღეთ გარანტიები შუამავლებისა და ამერიკელებისგან, რომ ომი განუსაზღვრელი ვადით დასრულდა“, - დასძინა ალ-ჰაიამ.
შეთანხმების ბოლო ეტაპები, რომლებიც „ჰამასის“ განიარაღებას და ღაზას სექტორიდან ისრაელის სრულ გასვლას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ არ არის მოლაპარაკებული. თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი ომის განახლებისთვის არ ემზადება.
თავის გამოსვლაში ალ-ჰაიამ მადლობა გადაუხადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს, ასევე ირანსა და იემენს, რომლებმაც შეთანხმებას შუამავლობა გაუწიეს.
ამასთან, ალ-ჰაიამ დაადასტურა, რომ შეთანხმება მოიცავს 250 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას და ღაზას სექტორიდან 1700 პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დააპატიმრეს.