„ჰამასის“ მაღალჩინოსანი: იარაღის ჩაბარება მხოლოდ ისრაელის მიერ შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში მოხდება
„ჰამასის“ მაღალი რანგის წარმომადგენელმა ღაზი ჰამადმა CNN-ს დაუდასტურა, რომ „ჰამასმა“ „მშვიდობის საბჭოსთან“ მიაღწია შეთანხმებას იარაღის დათმობის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ღაზაში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები განთავსდება და ისრაელი ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.
„ეს შეთანხმება ერთიანი პაკეტია. იარაღთან დაკავშირებულ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ვიდრე ისრაელი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, თუ ისრაელი ამას არ გააკეთებს, ჩვენც არ გავაგრძელებთ პროცესს“, - აღნიშნა ჰამადმა.
მისი თქმით, ისრაელმა პირველ რიგში ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, შეწყვიტოს ღაზაში მიზნობრივი ლიკვიდაციები, გაიყვანოს ჯარები ე.წ. „ყვითელ ხაზამდე“ და ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყოს.
ჰამადის განცხადებით, ასევე, აუცილებელია, რომ ღაზაში შევიდეს ღაზის ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტი (NCAG) პალესტინელი ტექნოკრატებისგან დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც „მშვიდობის საბჭომ“ დანიშნა და რომელიც სექტორის მართვას გადაიბარებს.
მისივე თქმით, NCAG აიღებს კონტროლს „ჰამასის “პოლიციის ძალების კუთვნილ იარაღზე.
„ხოლო „ჰამასის“ მძიმე შეიარაღება არ განადგურდება და არ მოიხსნება ექსპლუატაციიდან, ის ეროვნული კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ შეინახება“, - აცხადებს „ჰამასის“ მაღალჩინოსანი.
ამასთან, ჰამადმა კიდევ ერთხელ გაიმეორრა, რომ ეს ნაბიჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდგმება, თუ ისრაელი საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.
„პირველი ეტაპის გამოცდილება ძალიან ცუდი იყო. ისრაელმა არ შეასრულა შეთანხმება და ასობით ან ათასობით დარღვევა მოხდა. ახლა გარანტორების - აშშ-ის, კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის მთავარი გამოწვევაა უზრუნველყონ, რომ ისრაელმა შეთანხმების ყველა პუნქტი 100%-ით შეასრულოს. ვიმედოვნებთ, ისრაელი შეთანხმებას დაამტკიცებს, ჯერ კიდევ ველოდებით“, - დასძინა ჰამადმა.