Loading data...
„ჰამასის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება არ განიარაღდება და არც ღაზაში უცხო ქვეყნის ჩარევას დაუშვებს

„ჰამასის“ ლიდერმა ხალედ მაშაალმა განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება არ დათმობს იარაღს და არც ღაზაში უცხო ქვეყნის ჩარევას დათანხმდება, რითაც უარყო აშშ-ისა და ისრაელის მოთხოვნები.

„წინააღმდეგობის მოძრაობის, მისი იარაღისა და მისი წევრების კრიმინალიზაცია ისეთი რამ არის, რაც ჩვენ არ უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მაშაალმა დოჰაში გამართულ კონფერენციაზე.

„სანამ ოკუპაციაა, წინააღმდეგობაც არსებობს. წინააღმდეგობა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების უფლებაა, რითაც ერები ამაყობენ“, - აღნიშნა მან.

მაშაალი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“, მიიღოს „დაბალანსებულ მიდგომა“, რაც ღაზას რეკონსტრუქციას და დაახლოებით 2.2-მილიონიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს, ამავდროულად, აფრთხილებს, რომ „ჰამასი“ პალესტინის ტერიტორიაზე „უცხო მმართველობას არ დაეთანხმება“.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ პრინციპებს და უარვყოფთ მეურვეობის, გარე ჩარევის, ან მანდატის ნებისმიერი ფორმით დაბრუნების ლოგიკას“, - განაცხადა მაშაალმა.

„პალესტინელებმა უნდა მართონ პალესტინელები. ღაზა ეკუთვნის ღაზას ხალხს და პალესტინელებს. ჩვენ არ შევეგუებით უცხოურ მმართველობას“, - დასძინა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვეს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის ფარგლებში, უახლოეს მომავალში იარაღი დათმოს. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ „პირობა დადო“, რომ იარაღს დაყრის და ამ საკითხის გამო დაჯგუფებას დაემუქრა.

თუმცა „ჰამასი“ საჯაროდ არასდროს დათანხმებულა იარაღის დაყრას.