„ჰამასი“ კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას, გაათავისუფლოს ყველა მძევალი ომის დასრულებისა და ისრაელის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ

მაშინ, როდესაც ისრაელი ღაზას ქალაქში შეჭრისთვის მზადებას აგრძელებს და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ჰამასისგან“ დაკავებული ცოცხალი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, დაჯგუფება „ჰამასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან ისრაელის პასუხს ორი კვირის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.
„ჰამასი“ ხაზს უსვამს, რომ მზადაა „დადოს ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაკავებული ყველა პატიმარი გათავისუფლდება ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების შეთანხმებული რაოდენობის სანაცვლოდ“.
„ჰამასი“ მის მიერ დაკავებულ მძევლებს პატიმრებად მოიხსენიებს.
„ეს შეთანხმება დაასრულებს ომს ღაზას სექტორში, გამოიწვევს ყველა საოკუპაციო ძალის გაყვანას მთელი ღაზას სექტორიდან, გახსნის სასაზღვრო გადასასვლელებს ღაზას სექტორში ყველა აუცილებელი საქონლის შესვლისთვის და დაიწყებს აღდგენის პროცესს“, - აცხადებს „ჰამასი“.
ისრაელმა განაცხადა, რომ ასეთ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ „ჰამასი“ დანებდება და განიარაღდება.