Loading data...
„ჰამასი“ ისრაელთან მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა - Reuters

„ჰამასი“ დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას, რომ ისრაელელი მძევლების, მათ შორის ჯარისკაცების, გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ Reuters-ს „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, „ჰამასმა“ უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ ისრაელს ჯერ ცეცხლი უნდა შეეწყვიტა, ვიდრე ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რომელიც დროებით ზავსა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების პროცესს გამოიწვევდა. ეს წინადადება ისრაელისთვის მიუღებელი იყო. 

„ახალი წინადადება უზრუნველყოფს, რომ შუამავლები ცეცხლის დროებით შეწყვეტას, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ისრაელის ჯარების გაყვანას უზრუნველყოფენ, ვიდრე შეთანხმების მეორე ეტაპის განხორციელებაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - აცხადებს „ჰამასის“ წყარო.

ამასთან, პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია ჩართული, განაცხადა,  რომ „ჰამასის“ ეს გადაწყვეტილება, ისრაელის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩარჩო შეთანხმების გაფორმებით დასრულდეს, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში მიმდინარე ცხრათვიან ომს დაასრულებს.

თავის მხრივ, მოლაპარაკებებში ჩართულმა ისრაელელმა წყარომ ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალური შანსი არსებობს.