„ჰამასი“ - ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზაში 9 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ „ბოევიკების“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„უსაფრთხოების საკითხზე კონსულტაციების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზას სექტორზე მასირებული იერიშების განკარგულება გასცა“, - წერია ამ ინფორმაციაში.
ისრაელის მედიის ცნობით, იერიში ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილზე და ქალაქ ღაზაზე განხორციელდა. „ჰამასის“ ცნობით, ავიაიერიშს 9 ადამიანი ემსხვერპლა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორში მყოფ ისრაელელ სამხედროებს თავს დაესხა და ამით სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია. ეს შეტევა, სავარაუდოდ, ქალაქ რაფაჰის სიახლოვეს მოხდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება ჩაშლის პირას არის. ანალოგიური რამე 19 და 25 ოქტომბერსაც მოხდა.
მომხდარის კომენტირებისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააცხადა, რომ ღაზას სექტორში ზავი შენარჩუნებულია და საუბარია „უმნიშვნელო სროლაზე“.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ღაზას სექტორში სამშიდობო შეთანხმება იყო ხელმოწერილი. ისრაელმა ღაზას სექტორის ნაწილიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანა და 2 ათასი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. „ჰამასმა“ დარჩენილი ებრაელი მძევლები გაათავისუფლა, მაგრამ დაღუპული მძევლების ცხედრების ნაწილი ისრაელისთვის დღემდე გადაცემული არ არის.
ზავის პირობების მიხედვით, „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და ღაზას სექტორში მმართველობას ჩამოშორდეს. ამის ნაცვლად „ბოევიკებმა“ იარაღი არ დაყარეს და რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტი საჩვენებლად დახვრიტეს.