„ჰამასი“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას დათანხმდა, ხოლო ისრაელის არმიამ ღაზაში შეტევა შეაჩერა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყველა ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, რომლებიც ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ რჩებიან. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
ასევე „ჰამასი“ ისრაელს 30 დაღუპულის ცხედარს გადასცემს. სანაცვლოდ ისრაელი პატიმრობიდან 250 პალესტინელს გაათავისუფლებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ღაზას 1700 მკვიდრს, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ისრაელმა დააკავა. ასევე ისრაელი თითოეული გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ „ჰამასს“ 15 დაღუპული პალესტინელის ცხედარს გადასცემს.
გარდა ამისა, „ჰამასი“ ღაზას სექტორის მმართველობის გადაცემას დათანხმდა. საუბარია ტექნოკრატიულ ორგანიზაციაზე, რომელიც პალესტინის ნაციონალური კონსენსუსისა და არაბეთისა და ისლამური ქვეყნების მხარდაჭერით უნდა შეიქმნას.
ამასთანავე „ჰამასმა“, ფაქტობრივად, უარყო ტრამპის წინადადება, რომელიც ღაზას სექტორის მომავალ მმართველობას ეხება. ტრამპის გეგმის მიხედვით, „ჰამასმა“ ღაზას სექტორის მმართველობაში რაიმე როლზე უარი უნდა თქვას. „ჰამასი“ კი მოითხოვს, რომ ღაზას მმართველობის გადაცემა, ასევე ეკონომიკური განვითარების საკითხები საერთო პალესტინური ნაციონალური ფორუმის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, რაშიც „ჰამასი“ მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ წვლილს შეიტანს“.
„ჰამასის“ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მის განიარაღებაზე და ღაზადან ორგანიზაციის იმ წევრთა განდევნაზე, რომლებიც ისრაელთან მშვიდობიან თანაცხოვრებას არ ეთანხმებიან.
შესაბამისად, „ჰამასი“ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ტაქტიკურ ნაწილს დათანხმდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას ეხება, მაგრამ უარყო გეგმის სტრატეგიული ნაწილი.
„ყველა ამ განცხადების მიუხედავად, აშშ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ, „ჰამასი“ სავარაუდოდ, მდგრად მშვიდობას მხარს დაუჭერს.
„ისრაელმა ღაზას დაბომბვა უნდა შეწყვიტოს, რათა მძევლების სწრაფი და უსაფრთხო გათავისუფლება შესაძლებელი გახდეს. ამჟამად მიმდინარეობს დეტალების შეთანხმება. საუბარია არა მარტო ღაზაზე, საუბარია ახლო აღმოსავლეთში ასე ნანატრ მშვიდობაზე“, - განაცხადა ტრამპმა.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის პრემიერისგან ბრძანება მიიღეს, რომლის მიხედვით ღაზაში შეტევითი ოპერაციები შეჩერდა და ჯარი თავდაცვაზე გადავიდა.
ტრამპის გეგმა, ფაქტობრივად, პალესტინური სახელმწიფოს შექმნას გამორიცხავს. აშშ კი ისრაელის მოკავშირედ რჩება და იზიარებს მის პოლიტიკას „მშვიდობა ძალის გამოყენებით“.
ნეთანიაჰუ ტრამპის გეგმას მხარს უჭერს. არაოფიციალური ინფორმაციით, მის შემუშავებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკაში „მარჯვენა ხელი“ რონ დარმერი მონაწილეობდა. გეგმა ნეთანიაჰუს სტრატეგიულ მიზნებს შეესაბამება. საუბარია იმაზე, რომ უახლოეს პერსპექტივაში არ მოხდეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომლის მიხედვით ღაზას სექტორის და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონების გაერთიანება იგეგმებოდა.
ამასთანავე, ნეთანიაჰუს გეგმას ოპონენტებიც ჰყავს - ესენია ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცაცელ სმოტრიჩი და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ გვირი. მათი აზრით, ისრაელმა ღაზას სექტორი მთლიანად უნდა დაიკავოს და იქ ებრაული დასახლებები შექმნას.
„ჰამასის“ შიგნითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მისი პოლიტიკური მმართველობა, რომელიც კატარში იმყოფება, მას მხარს უჭერს, მაგრამ თავად ღაზაში მყოფი „ჰამასის“ სამხედრო მმართველობა, რომელსაც აზადინ ალ-ჰადადი ხელმძღვანელობს, ამ გეგმას მხარს არ უჭერს.
როგორც „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, მოძრაობა, პრინციპში, ტრამპის გეგმის ძირითად ნაწილს მხარს უჭერს, მაგრამ „გეგმის განხორციელებას მოლაპარაკება სჭირდება“.
მისი თქმით, მძევლების გასათავისუფლებლად დადგენილი ვადა, 72 საათი, არსებულ პირობებში არარეალისტურია. ზოგიერთი დაღუპული მძევლის ცხედარი ნაპოვნი არ არის და მათ დაბრუნებას მეტი დრო დასჭირდება.
ასევე მარზუკი ამბობს, რომ საერთაშორისო სტაბილიზაციური ძალები, რომლებმაც ღაზას სექტორში ისრაელის ჯარი უნდა შეცვალონ, დაზუსტებას საჭიროებს. „ჰამასს“ სჭირდება იმის გარანტია, რომ სამშვიდობო კონტინგენტი არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
აბუ მარზუკი ასევე აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელის ოკუპაციის დასრულებამდე განიარაღებას არ აპირებს. „ვინც ღაზას მმართველობაში მოვა, ჩვენს იარაღსაც მიიღებს“, - განაცხადა აბუ მარზუკმა.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ევროპელმა ლიდერებმაც მხარი დაუჭირეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მას „კონფლიქტის დასრულების საუკეთესო შანსი“ უწოდა.