Loading data...
„ჰამასი“ ბერლინსა და ვენაში ტერაქტებს ამზადებდა - გერმანიის პროკურატურა

გერმანიის პროკურატურამ რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ 7 წევრს ბრალი წაუყენა. გამოძიების ცნობით, ისინი ბერლინსა და ვენაში ტერაქტებს ამზადებდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, გერმანიასა და ავსტრიაში ისრაელის წარმომადგენლებზე 2025 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმები იგეგმებოდა. ტერორისტების გეგმების ჩაშლა თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხერხდა. 2025 წლის 1 ოქტომბერს ბერლინში სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. იმ დროისთვის დაჯგუფებას ჰქონდა ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 12 პისტოლეტი და 700 ვაზნა.

2025 წლის ნოემბერში გამომძიებლებმა ვენაში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. იმავე დროს ლონდონში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. მომდევნო თვეებში რამდენიმე ადამიანი დანიაში, კვიპროსზე და ბერლინში დააკავეს.

ტერორისტული თავდასხმის დეტალები მხოლოდ ივნისში გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ტერორისტის ელექტრონულ მოწყობილობაში წინასწარ ჩაწერილი ვიდეო იპოვეს, სადაც ის თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს.

თავდასხმა ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი ტერორისტული შეტევიდან 2 წლის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ მოწყობილ თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა.