„ჰამასი“ აცხადებს, რომ მძიმე შეიარაღების დათმობას დათანხმდება, თუ ისრაელის არმია ღაზას დატოვებს და დარტყმებს შეწყვეტს
პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან დაკავშირებული ტელეარხი Palestine Al-Youm-ი იუწყება, რომ დღეს, 30 ივლისს, შესაძლოა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის შესახებ შეთანხმება გამოცხადდეს. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარია პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასსა“ და შუამავლებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის ძალაში შესასვლელადაც ისრაელის თანხმობა იქნება საჭირო.
ტელეარხის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ მძიმე შეიარაღების შენახვას მისი განადგურების ნაცვლად. არ არის დაკონკრეტებული, რომელი მხარე აიღებს იარაღზე პასუხისმგებლობას.
ტერორისტული დაჯგუფების მსუბუქი შეიარაღება ანგარიშში ნახსენები არ არის.
ამასთან, აღნიშნულია, რომ შეიარაღებაზე შეთანხმება დამოკიდებული იქნება ისრაელის ძალების ღაზადან სრულად გაყვანაზე და ღაზას სექტორში მიზანმიმართული მკვლელობებისა და სამხედრო დარტყმების შეწყვეტაზე.
როგორც The Times Of Israel-ი წერს, წინა მოლაპარაკებების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი ამ პირობებს დათანხმდეს.