ჰაკერებმა კრიპტობირჟა Binance გატეხეს
ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა, Binance გატეხეს. წინასწარი ინფორმაციით, ზარალმა, შესაძლოა, 6,3 მლრდ დოლარი შეადგინოს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ისტორიაში კრიპტოვალუტის მოპარვის ყველაზე მასშტაბური ფაქტი შეიძლება იყოს. Binance-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მოპარული თანხები გაყინონ. კომპანიამ უკვე დაადგინა, სად ინახება მოპარული 3 მლრდ დოლარი.
როგორც Binance-ის თანადამფუძნებელმა ი ჰემ მიკრობლოგში, X-ში დაწერა, უსაფრთხოების სფეროში მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის კომპიუტერის გატეხვის ფაქტთან. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა სერვისულ კონტეინერზე წვდომა მოიპოვეს და თანხების არასანქცირებული ტრანზაქციები განახორციელეს.
Binance-ში აცხადებენ, რომ კლიენტებს ყველა დანაკარგს აუნაზღაურებენ. შემოწმების დროს ყველა ჩარიცხვა და გადახდა შეჩერებული იქნება.
აღნიშნული ინციდენტი კრიპტოვალუტის მოპარვის პირველი ფაქტი არ არის. გასულ წელს კრიპტობირჟებზე ჰაკერული თავდასხმების 150 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგად 2,9 მლრდ დოლარის კრიპტოვალუტა იყო მოპარული.