ჰაკან ფიდანი: თურქეთმა შავი ზღვის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ძალისხმევა გააძლიერა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო დროს შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა.
მისი თქმით, ანკარა მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების მიღწევას ცდილობს. თურქეთი შავ ზღვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესის წინსვლისთვის მუშაობს.
„ჩვენ ბოლო დროს გავაძლიერეთ ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო ინიციატივები საშუალებას მოგვცემს, ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ფიდანმა ასევე ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდაზე. მისი თქმით, ომის დაწყებიდან მოყოლებული თურქეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ, მონტრეს კონვენციის მკაცრი შესრულებით და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებით.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის გავრცელება შავ ზღვაზე, თურქეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და კომპანიების საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია.