ჰაკან ფიდანი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოსალოდნელია, რადგან ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოსალოდნელია, რადგან ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ომი, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, არა მხოლოდ ორ ერს შორის მიმდინარეობს, არამედ საერთაშორისო ჩართულობის გამო გლობალურ კონფლიქტად იქცა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის პირობების ამსახველი დოკუმენტები წარადგინეს და მხარეებმა პოტენციური ლიდერების სამიტთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
„არსებული პირობებისა და ომის შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, ეს იყო საუკეთესო შესაძლო შეხვედრა. მთავარია, არ დავტოვოთ მოლაპარაკების მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისადმი ერთგულება. ეს არის ჩვენი რჩევა მხარეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მაგიდა თურქეთში თუ სხვაგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარეები ერთად შეიკრიბონ და განაგრძონ მოლაპარაკებები“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მზად არის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლოს.