ჰაკან ფიდანი: ლიბანში პეიჯერების აფეთქება ისრაელის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციას წარმოადგენს, რაც საგანგაშოა
ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქება ისრაელის უფრო ფართო რეგიონული სტრატეგიის ნაწილია და კონფლიქტის სისტემატურ ესკალაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი ეტაპობრივად აძლიერებს თავდასხმებს ლიბანზე. ჩვენ მივედით იქამდე, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული ეს ოპერაციები სულ უფრო პროვოკაციული ხდება და სანაცვლოდ ირანს, „ჰეზბოლას“ და მათთან დაახლოებულ ელემენტებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა რეაგირებისა“, - განაცხადა ფიდანმა.
მისივე თქმით, რეგიონში ესკალაცია საგანგაშოა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამჟამად ლიბანზე ვფიქრობთ, ყოველთვის არსებობს ომის რისკი, რომელშიც შეიძლება იორდანია, ეგვიპტე და მთელი რეგიონი ჩაერთოს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.