ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში, თურქეთს შეუძლია საუდის არაბეთს სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ იემენელი „ჰუსიტების“ მხრიდან მიმდინარე თავდასხმების გამო საუდის არაბეთს შესაძლოა, სამხედრო საჭიროებები ჰქონდეს და რომ თურქეთი მზადაა, სამმხრივი თავდაცვითი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც პაკისტანსაც მოიცავს, მას დახმარება გაუწიოს.
„ვხედავთ, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ძალიან სერიოზული თავდასხმები ხორციელდება. ჩვენს პაქტში მოკავშირეობის შეთანხმება გვაქვს. ამ საკითხში სერიოზულ სოლიდარობას გამოვხატავთ... შესაძლოა, მათ გარკვეული სამხედრო საჭიროებები ჰქონდეთ, განსაკუთრებით — ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი დაკმაყოფილება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, — განუცხადა ფიდანმა ტელეკომპანია NTV-ს.
გასულ თვეს თურქეთს, პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი თავდაცვის შეთანხმება, რომელიც „მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების“ სახელითაა ცნობილი, ითვალისწინებს, რომ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად განიხილება.
ფიდანმა განაცხადა, რომ მიუღებელია საუდის არაბეთის ჩათრევა აშშ-სა და ირანს შორის ომში, ვინაიდან მას კონფლიქტში ჩართვის სურვილი არ აქვს. მან დამატებითი დეტალების გარეშე აღნიშნა, რომ ყველა მხარეს გადაეცა წინადადებები საომარი მოქმედებების დასრულების თაობაზე.
„მრავალი ინიციატივა არსებობს, თუმცა მხარეებმა ისინი უნდა მიიღონ. არის ახალი წინადადებები და იმედი მაქვს, რომ მათ მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისის ატანა გარკვეულ მომენტამდე იყო შესაძლებელი, მაგრამ მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა უკვე გადააჭარბა იმ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მათი ატანა კიდევ შეიძლებოდა“, - აღნიშნა მან.
თურქეთმა, რომელიც ნატოში სიდიდით მეორე არმიას ფლობს, განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანთან და ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ საუდის არაბეთთან გაფორმებული შეთანხმება გაფართოებისთვის ღიაა და მიზნად არ ისახავს რომელიმე არსებული ალიანსის ჩანაცვლებას.
პაკისტანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ თავდასხმების საპასუხოდ „მექას შეთანხმების“ ფარგლებში ისლამაბადის მხრიდან სამხედრო რეაგირების საკითხი არ განხილულა, თუმცა დასძინა, რომ პაკისტანი იმოქმედებს, როდესაც „დრო მოვა“.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე „სტრატეგიულად მნიშვნელოვან“ ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს.