ჰააგის სასამართლოს თანამშრომელმა პროკურორი, კარიმ ხანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის ყოფილმა თანაშემწემ ხანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
CNN-მა მხოლოდ ამ ქალის სახელი გაამხილა - სარა. ის ამ დროისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მუშაობს.
სარა არის იურისტი, წარმოშობით ის მალაიზიიდანაა და ხანის თანაშემწე 2023 წლის თებერვალში გახდა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ კარიმ ხანი მასზე ზეწოლას დღითიდღე ზრდიდა.
„ის არა მარტო ჩემს ფიზიკურ, არამედ ჩემს ემოციურ საზღვრებში შეღწევას ცდილობდა, “- ამბობს სარა.
ხანის ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ ის პროკურორის სექსუალურ შევიწროებას ყოველთვის უარით ვერ ჰპასუხობდა, რადგანაც ეშინოდა, რომ სამსახურს და ნიდერლანდებში ოჯახთან ერთად ლეგალური ცხოვრების უფლებას დაკარგავდა.
სარა ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მასზე არაერთხელ განახორციელა სექსუალიზებული ქმედება მისი თანხმობის გარეშე - ეს იყო შეხება, კოცნა და სხვა. ქალის თქმით, ერთხელ მივლინების დროს ხანი მის სასტუმრო ნომერში მივიდა, საწოლში გვერდით მიუწვა და მას ტანზე ეხებოდა, ვიდრე სარამ თავი ან მოიმძინარა.
სარა კატეგორიულად უარყოფს ხანიხ განცხადებებს, რომ ის ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და რომ ხანის წინააღმდეგ სექსუალიზებულ დანაშაულში ბრალდებები უკავშირდება ისრაელელი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემას სამხედრო დანაშაულებისთვის.
ხანის ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლოში მუშაობის პერიოდში მას მუდმივად ამოწმებდნენ.
„რომ ყოფილიყო რაიმე ეჭვი, რომ მე რომელიმე ქვეყნის აგენტი ვიყავი, მე მაშინვე სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ“, - ამბობს ქალი.
სარას ბრალდებებს კარიმ ხანი კატეგორიულად უარყოფს. ის ამბობს, რომ არასოდეს ჩაუდენია ამ ქალის მიმართ ისეთი ქმედებები, რაც დამამცირებლად, მიუღებლად ან არასასურველად შეიძლებოდა შეფასებულიყო.